მომსახურების პირობები

შესავალი

წინამდებარე პირობები აწესრიგებს ურთიერთობას თქვენს (შემდეგ „მომხმარებელი“ ან „კლიენტი“)და შპს „კოინმანია“-ს შორის (შემდგომში „coinmania.ge“ ან „კოინმანია“ ან „პროვაიდერი“).

ვინაიდან მომხმარებელს აქვს სურვილი, იყიდოს ან გაყიდოს coinmania.ge ვებგვერდიდან ვირტუალური აქტივი და ამ მიზნით მიიღოს მომსახურება, მხარეები თანხმდებიან ქვემოთ მოცემულ პირობებზე, რომლის საფუძველზეც მოხდება coinmania.ge-ს მომსახურებების კლიენტისათვის შეთავაზება და მიწოდება.

კომპანიის პოლიტიკა

ვგმობ რუსეთის აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში.

ვაცხადებ, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომელიც შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წელს და უკრაინის ტერიტორიაზე 2014 და 2022 წელს.

ვაღიარებ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვაცხადებ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს განუყოფელი ნაწილებია.

ვაცხადებ, რომ არ გავაზიარებ და დავუპირისპირდები რუსეთის სახელმწიფოს პროპაგანდას.

ვაცნობიერებ, რომ ამ პირობების დარღვევა გამოიწვევს ჩემი რეგისტრაციის გაუქმებას.

1.  ტერმინთა განმარტებები

1.1.       პროვაიდერი -  შპს „კოინმანია“ ს/კ 405189166, მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ზ.ფალიაშვილის ქ. #63; ელექტრონული ფოსტის მისამართი - sales@coinmania.ge, ვებგვერდის მისამართი cioinmania.ge; coinmania.exchange

1.2. მომხმარებელი  (შემდგომში „მომხმარებელი“ ან კლიენტი) - სრულწლოვანი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც ამყარებს პროვაიდერთან გრძელვადიან საქმიან ურთიერთობას ვირტუალური აქტივის საფულის გახსნის მიზნით და სარგებლობს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სერვისით.

1.3.  აგენტი - პირი, რომელიც პროვაიდერთან გაფორმებული „აგენტის ჩარჩო ხელშეკრულების“ საფუძველზე, მომსახურების მიწოდებისას, მოქმედებს პროვაიდერის სახელით.

1.4.  მხარე/მხარეები - პროვაიდერი და მომხმარებელი ცალ-ცალკე ან ერთად;  

1.5.  მესამე პირი - ნებისმიერი პირი, გარდა მომხმარებლისა და პროვაიდერისა;

1.6. ვირტუალური აქტივის საფულე (შემდეგში „საფულე“) – პროვაიდერის მიერ მომხმარებლისთვის შექმნილი ვირტუალური აქტივის საფულე;

1.7. პერსონიფიცირებული მახასიათებლები - პერსონიფიცირებული მახასიათებლები, რომელსაც პროვაიდერი აწვდის მომხმარებელს მისი ამოცნობა/იდენტობის ან საფულის გამოყენების ვალიდურობის დადგენის მიზნით;

1.10.   კონვერტაცია - ერთი ვირტუალური აქტივის გადაცვლა სხვა ვირტუალურ აქტივში, ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში;

1.11. საკომისიო - პროვაიდერის მიერ მომხმარებლისთვის კონკრეტული პროდუქტით/მომსახურებით სარგებლობისათვის დაწესებული გადასახადი, მომსახურების საფასური, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება წინამდებარე პირობების შესაბამისად ან/და კონკრეტული პროდუქტისთვის მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით;

1.12. სტაბილკოინი - ვირტუალური აქტივი, რომელიც მხარდაჭერილია სხვა მატერიალური აქტივებით, მაგ. როგორიცაა: “fiat“ ვალუტა, სხვა ვირტუალური აქტივი ან ოქრო;

1.13. სუპერკოინი - სტაბილკოინი, რომელსაც იყენებს პროვაიდერი სისტემა კოინმანიაში მომხმარებლის ანგარიშზე შეტანილი შესაბამისი ფიატური ფულის (GEL; USD; EUR) განთავსებისა და აღრიცხვისთვის. სუპერკოინებია: nGEL; nUSD; nEUR, რომლებიც შეესატყვისებიან GEL; USD; EUR - გაცვლითი კურსით 1=1.

1.14.  სამუშაო დღე - დღე (შაბათის, კვირის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოფიციალური დასვენების დღეების გარდა), როდესაც პროვაიდერი ახორციელებს თავის საქმიანობას 10:00 საათიდან იმავე დღის 19:00 საათამდე;

1.15.  საოპერაციო დღე -  დღის მონაკვეთი საქართველოს დროით 00:00 საათიდან იმავე დღის 23:59:59 საათამდე;

1.16. პროვაიდერის პროდუქტები/მომსახურება - პროვაიდერის პროდუქტებით/მომსახურებით სარგებლობა, რომელთა პირობები განისაზღვრება წინამდებარე პირობებით ან/და მომხმარებელთან გაფორმებული/გასაფორმებელი სხვა ხელშეკრულებით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე პირობების განუყოფელ ნაწილს;

1.17. წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ სხვა ნორმატიულ დოკუმენტებში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა.

2. მომსახურების საგანი

1.1. წინამდებარე პირობების მიზანია მხარეთა საქმიანი ურთიერთობის, პასუხისმგებლობისა და უფლება-მოვალეობების დარეგულირება მომხმარებლის მიერ საფულით სარგებლობის პროცესში.

1.2.   საფულით სარგებლობა მოიცავს შემდეგ პროდუქტებს:

ა) საფულეში ვირტუალური აქტივის შეტანა, შენახვა და გადარიცხვა;

ბ) ვირტუალური აქტივის გადაცვლა ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში ან სხვა ვირტუალურ აქტივში:

ბ.ა სწრაფი კონვერტაციით კოინმანიასთან;

ბ.ბ ბირჟაზე განცხადების განთავსებით.

1.3.   საფულით სარგებლობისას ხელმისაწვდომი ვირტუალური აქტივების ჩამონათვალი მოცემულია პროვაიდერის ვებგვერდებზე: coinmania.ge; coinmania.exchange;

1.4.   საფულეზე გადმორიცხული ნებისმიერი ვალუტა, ვირტუალური აქტივი, რომლის მხარდაჭერაც არ აქვს საფულეს, დაიკარგება სამუდამოდ, რაზეც დაუშვებელია მომხმარებელმა კოინმანიას პრეტენზია წაუყენოს.

3. საკომისიოები და ლიმიტები

3.1. საფულის გახსნა და  სარგებლობა უფასოა.

3.2. ვირტუალური აქტივის სხვა ვირტუალურ აქტივში გადაცვლისას კონკრეტული ვირტუალური აქტივის სახეობების მიხედვით გათვალისწინებულია ფასნამატი. ინფორმაცია ვირტუალური აქტივის საფასურების შესახებ შესაძლებელია იხილოთ პროვაიდერის ვებგვერდებზე: coinmania.ge; coinmania.exchange;.

3.3. პროვაიდერი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეცვალოს ვირტუალური აქტივის საფასური. ცვლილებები უნდა ასახოს ვებგვერდზე: coinmania.ge; coinmania.exchange;

3.4. კონვერტაციის ოპერაციის განსახორციელებლად საჭიროა მომხმარებლის საფულეში საკმარისი ოდენობის ვირტუალური აქტივის არსებობა.

3.5. მომხმარებლის ვირტუალური აქტივის ფიატურ ფულში გადაცვლის და მისსავე (მომხმარებლის) ანგარიშზე ფიატური ფულის ასახვისთვის გათვალისწინებულია ფიქსირებული საკომისიო. ინფორმაცია საკომისიოს ოდენობის შესახებ შესაძლებელია იხილოთ პროვაიდერის ვებგვერდზე coinmania.ge/fees/;

3.6. მომხმარებლის ვირტუალური აქტივის სხვა პირის ანგარიშზე გადარიცხვისთვის (ბლოკჩეინის გამოყენებით) გათვალისწინებულია  საკომისიო. ინფორმაცია საკომისიოს ოდენობის შესახებ შესაძლებელია იხილოთ პროვაიდერის ვებგვერდზე coinmania.ge/fees/;

3.7. სისტემა „კოინმანია“-ს ფარგლებში ერთი მომხმარებლის მიერ სხვა მომხმარებლის ანგარიშზე ვირტუალური აქტივის გადარიცხვა (ბლოკჩეინის გამოყენების გარეშე) არის უფასო.

3.8. ვირტუალური აქტივის ბირჟაზე განთავსებით გადაცვლის შემთხვევაში, მომხმარებელი თავად განსაზღვრავს ვირტუალური აქტივის შესყიდვა/გაყიდვის ფასს. ბირჟაზე განთავსებით ვირტუალური აქტივის გაცვლის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ბირჟის მომსახურების საკომისიო მის მიერ მიღებული აქტივით. ინფორმაცია საკომისიოს ოდენობის შესახებ შესაძლებელია იხილოთ პროვაიდერის ვებგვერდზე coinmania.ge/fees/;

3.8. ვაჭრობის დაწყებამდე მომხმარებელი უნდა გაეცნოს ტრანზაქციის საფასურის განაკვეთს. მომხმარებლის მიერ ტრანზაქციის განხორციელებისას იგულისხმება, რომ მომხმარებელი გაეცნო ,,ტარიფების“ გვერდს და ეთანხმება მას.

4. საფულის გახსნა

4.1.  იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცედურების სრულყოფილად გავლის შემდეგ, მომხმარებელს ეძლევა სრული წვდომა (ამ პირობებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად) მის სახელზე გახსნილ საფულეზე. მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტესა და დოკუმენტაციის ნამდვილობაზე.

4.2. იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციისას მომხმარებელი ვალდებულია, მიუთითოს აქტიური ელ.ფოსტა და მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც რეგისტრაციის დროს მითითებულის იდენტური უნდა იყოს. აღნიშნულ რეკვიზიტები მომხმარებელმა უნდა გამოიყენოს საფულეში ავტორიზაციისა და ავთენტიფიკაციისას.

4.3 საფულეში რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლა შესაძლებელია ვებგვერდზე: cioinmania.ge; coinmania.exchange.

4.4. საფულის მოხმარების წესები და პირობები სისტემის წესების სახით მოცემულია coinmania.ge/tos.

5. საფულეში ოპერაციების წარმოების წესი და პირობები

5.1  საფულეში შესაძლებელია ვირტუალური აქტივის შემოტანა, შენახვა გატანა და ადმინისტრირება. მომხმარებელს საკუთარ საფულეზე ვირტუალური აქტივის რამდენიმე გზით შემოტანა შეუძლია:

ა) ფიატური ფულის მეშვეობით - თვითმომსახურების ტერმინალიდან, საკუთარი საბანკო ან სხვა ანგარიშიდან ან საფულიდან;

ბ) ვირტუალური აქტივის მეშვეობით - პირადი ან სხვა პირის ვირტუალური აქტივის ანგარიშიდან გადმორიცხვის მეშვეობით.

5.2. საფულის ფიატური ფულის მეშვეობით შევსებისას, ხორციელდება ფიატური ფულის კონვერტაცია შესაბამის სუპერკოინში (GEL = nGEL; USD = nUSD; EUR - nEUR) კურსით 1=1 და შესაბამისი სუპერკოინი დაუყოვნებლივ აისახება მომხმარებლის ანგარიშზე;

5.3. საფულის ვირტუალური აქტივის მეშვეობით შევსებისას, ხორციელდება გადმომრიცხავის გადმორიცხული ვირტუალური აქტივის მისამართის შემოწმება:

ა) იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებისას დადგინდა, რომ ვირტუალური აქტივის მისამართი პროვაიდერის შიდაპოლიტიკის შესაბამისად არის მაღალრისკიანი, ვირტუალური აქტივი აისახება მომხმარებლის ანგარიშზე, მაგრამ იზღუდება ანგარიშზე წვდომა, დამატებითი შესწავლისა და საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ბ) იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებისას დადგინდა, რომ ვირტუალური აქტივის მისამართი პროვაიდერის შიდაპოლიტიკის შესაბამისად არის დაბალრისკიანი, ვირტუალური აქტივი აისახება მომხმარებლის ანგარიშზე და მომხმარებელს აქვს შეუზღუდავი წვდომა ვირტუალურ აქტივზე მისი საფულეში ასახვის მომენტიდან.

5.4  პროვაიდერი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს მომხმარებლის დავალების შესრულებაზე თუ:

5.4.1. დავალება არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან/და პროვაიდერის დადგენილ წესებსა და პროცედურებს;

5.4.2. დავალება შეიცავს არაზუსტ ინფორმაციას/მონაცემებს;

5.4.3. საფულეში არსებული აქტივი არ არის საკმარისი დავალების შესასრულებლად ან/და დავალებაში მითითებული ოდენობა აღემატება პროვაიდერის მიერ დადგენილ ლიმიტებს.

5.4.4. პროვაიდერს გაუჩნდება ეჭვი კანონსაწინააღმდეგო ოპერაციის შესრულების მცდელობის შესახებ;

5.4.5. საფულეზე არსებული აქტივები ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილ შეზღუდვას;

5.4.6. მომხმარებელს პროვაიდერის მიმართ გააჩნია რაიმე სახის ფულადი ვალდებულება;

5.4.7. თუ არსებობს სხვა ისეთი ხარვეზი/გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის დავალების შესრულებას.

5.5 პროვაიდერი უფლებამოსილია, შეუზღუდოს მომხმარებელს საფულეზე წვდომა, ამავე საფულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ობიექტურად დასაბუთებული საფუძვლით, მისი თაღლითური ან/და არაუფლებამოსილი ან/და არაავტორიზირებული გამოყენების შესახებ ეჭვის არსებობისას. პროვაიდერი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ მოახდინოს მომხმარებლის ინფორმირება მის ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, საფულეზე წვდომის შეზღუდვის/დაბლოკვის მიზეზის მითითებით წვდომის შეზღუდვისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საფულეზე წვდომის შეზღუდვის საფუძვლის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება დაუშვებელია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ობიექტურად დასაბუთებული მიზეზებით, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

5.6 საფულეზე წვდომის შეზღუდვის მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ, პროვაიდერი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღუდგინოს მომხმარებელს საფულეზე წვდომა. 5.7 ავტორიზაციის პაროლის, ნებისმიერი კოდის გამჟღავნების ან დაკარგვის (მათ შორის, ნებისმიერი მესამე პირის ხელში აღმოჩენის შემთხვევაში), უკანონო მითვისების ან არაუფლებამოსილი გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, მისი აღმოჩენისთანავე  დაუყოვნებლივ შეატყობინოს პროვაიდერს ამის შესახებ, წინამდებარე პირობებით განსაზღვრული კომუნიკაციის საშუალებ(ებ)ით, რის საფუძველზეც პროვაიდერი მოახდენს საფულეზე მომსახურების შეჩერებას; მომსახურების აღდგენა შესაძლებელი იქნება მომხმარებლის განაცხადის და პროვაიდერის მიერ დადგენილი წესებით გავლის შემდეგ.

5.8 პროვაიდერი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლისგან მომსახურების შეჩერების/აღდგენის მოთხოვნის და წინამდებარე პირობების 5.7 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების 24-საათიან რეჟიმში მიღება.

5.9 პროვაიდერი არ არის პასუხისმგებელი შეუსრულებელი ან/და შეცდომით შესრულებული ოპერაციით გამოწვეულ ზიანზე, იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული გამოწვეულია მომხმარებლის საფულეზე საკმარისი თანხის არარსებობის მიზეზით ან/და მომხმარებელმა პროვაიდერს წარუდგინა მცდარი ინფორმაცია ან/და ზიანი გამოწვეულ იქნა მომხმარებლის ან მესამე პირის რაიმე მიზეზით.

6. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები

6.1. მომხმარებელი ვალდებულია:

6.1.1. გამოიყენოს საფულე დადგენილი პირობების შესაბამისად;

6.1.2. საფულის გახსნისთანავე უზრუნველყოს ამ ინსტრუმენტის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების, მისი სარგებლობისთვის პროვაიდერის მიერ გადაცემული საჭირო ნებისმიერი ინფორმაციის, დოკუმენტის, პაროლის (Password) და მომხმარებლის სახელის (Username) უსაფრთხოდ შენახვა/დაცვა; არ გაანდოს პაროლი და/ან მომხმარებლის სახელი მესამე პირს, არ შეინახოს ეს მონაცემები კომპიუტერში ან სხვა ნებისმიერ ტექნიკურ მოწყობილობაში, რომლითაც მომხმარებელი უკავშირდება ვებგვერდს და გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა მესამე პირის მიერ მისი ხელყოფის აღსაკვეთად;

6.1.3 მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებლის მიერ პროვაიდერთან კომუნიკაცია შესაძლებელია შემდეგი საშუალებების გამოყენებით: პროვაიდერის ვებგვერდზე შეტყობინების გამოგზავნით, წერილობითი განაცხადის წარმოდგენით სათავო ოფისში; პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, წერილობითი საჩივრის წარმოდგენით ელექტრონულ მეილზე sales@coinmania.ge ან სათავო ოფისში.

6.1.4.  პროვაიდერს გადაუხადოს მომსახურების საკომისიო ან/და სხვა ნებისმიერი გადასახადი, რაც აუცილებელია მომსახურების და სხვადასხვა პროდუქტით სარგებლობის მისაღებად;

6.1.5. წერილობით აცნობოს პროვაიდერს, მის მიერ პროვაიდერისთვის წარდგენილ დოკუმენტებსა და მიწოდებულ ინფორმაციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, ასევე, საკონტაქტო მონაცემების (იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და სხვ.) შეცვლის შესახებ 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში;

6.1.6. დაუყოვნებლივ აცნობოს პროვაიდერს მის მიერ რეზიდენტობის შეცვლის,  ან სხვა ნებისმიერი ისეთი გარემოების წარმოშობის შესახებ, რომელიც არსებითად ცვლის მისი სამართლებრივ/გადასახადის გადამხდელის სტატუსს საქართველოს ტერიტორიაზე. რომელიმე მოცემული გარემოების დადგომის შემთხვევაში, პროვაიდერი უფლებამოსილი იქნება, ვადაზე ადრე შეწყვიტოს მომსახურება ან/და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება/შეთანხმება, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით;

6.1.7. წინამდებარე მომსახურების მიღებამდე წერილობითი ფორმით აცნობოს პროვაიდერს დროს არსებული ლიცენზიების, ნებართვების ჩამორთმევის/შეჩერების/გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყების/დასრულების და სხვა მსგავსი გარემოებების დადგომის შესახებ, ამგვარი გარემოებების დადგომიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში;

6.1.8.  დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს პროვაიდერს საფულის განკარგვაზე, საფულეში ოპერაციების წარმოებაზე, საფულის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ან/და მათი უფლებამოსილების შეცვლის შესახებ და წარუდგინოს პროვაიდერს შესაბამისი წერილობითი დოკუმენტები. აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების ვალდებულება ერთმნიშვნელოვნად ვრცელდება პროვაიდერისათვის წარდგენილ ყველა იმ დოკუმენტზეც, რომლითაც მომხმარებელს გაცემული აქვს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. აღნიშნული დოკუმენტების პროვაიდერის sსათავო ოფისში წარდგენამდე, პროვაიდერის მიერ საფულეში ოპერაციები სრულდება ადრე წარდგენილი საბუთებისა და ხელმოწერის ნიმუშის საფუძველზე;

6.1.9.   საფულის გახსნისას წარუდგინოს პროვაიდერს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი იმ ფორმით, როგორც ამას სთხოვს პროვაიდერი;

6.1.10. საფულეში ოპერაციების წარმოებისას, პროვაიდერის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს პროვაიდერს სრული, ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია ოპერაციის/გადახდის დანიშნულების შესახებ და წარუდგინოს პროვაიდერს, მის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი დოკუმენტი ოპერაციის შესასრულებლად, რომელიც სჭირდება პროვაიდერს მომხმარებლის/მიმღების სრულყოფილი იდენტიფიცირებისთვის, ოპერაციის შინაარსის, დანიშნულების, გადარიცხვის სახეობის და განსახორციელებელი ოპერაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

6.1.11. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის საფულეზე ჩაირიცხა აქტივ(ებ)ი, რომელიც   მას არ ეკუთვნის, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს ინფორმაციის მიღებიდან 1 (ერთი) საოპერაციო დღის ვადაში, აცნობოს ამის შესახებ პროვაიდერს  და აღნიშნული აქტივი დაუბრუნოს გადმომრიცხველს. თუ მომხმარებელმა გამოიყენა არასწორად ჩარიცხული აქტივ(ებ)ი იგი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი და დაუბრუნოს ვირტუალური აქტივ(ებ)ი გამომგზავნს;

6.1.12. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა ვირტუალური აქტივი შეცდომით გადაურიცხა მესამე პირს და მიმართა პროვაიდერს  თანხის დასაბრუნებლად, პროვაიდერი მიიღებს ყველა შესაძლო ზომას (რომელიც გათვალისწინებულია პროვაიდერის წესებითა და საქართველოს კანონმდებლობით), რათა შეცდომით გადარიცხული აქტივი დაუბრუნდეს გადამხდელს;

6.1.13.  სრულად დაიცვას წინამდებარე პირობები და პროვაიდერის მიერ დადგენილი წესები/პროცედურები;

6.1.14.  პერიოდულად გაეცნოს პროვაიდერის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას, მათ შორის, განცხადებებს, ცვლილებებს/დამატებებს, წაიკითხოს ელექტრონულ მისამართზე მისთვის კომპანიისაგან გაგზავნილი საინფორმაციო წერილები;

6.1.15 ავტორიზაციისას დარწმუნდეს, რომ ნამდვილად  საკუთარი მონაცემები შეჰყავს;

6.1.16 იქონიოს კომუნიკაციისთვის აუცილებელი მოწყობილობები და ქსელი (მათ შორის, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ინტერნეტი) გამართულ/ჩართულ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროვაიდერი არ აგებს პასუხს ამით გამოწვეულ შედეგებზე/ზიანზე;

6.1.17 არ ენდოს წინამდებარე ხელშეკრულებაში/შეთანხმებაში/დანართში ან/და პროვაიდერთან მის მიერ დაფიქსირებულ ნებისმიერ საკომუნიკაციო არხში/ მისამართზე მიღებულ შეტყობინებებს, რომელთა ავტორებიც პროვაიდერის სახელით ითხოვენ პირადი ან/და სხვა მონაცემების მიწოდება/განახლებას, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროდუქტთან/მომსახურებასთან ან ნებისმიერ სხვა შეტყობინებას. მოახდინოს პროვაიდერთან აღნიშნული შეტყობინებების გადამოწმება (ვებგვერდზე არსებული ჩატში ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით), წინააღმდეგ შემთხვევაში პროვაიდერი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან აღნიშნულით გამოწვეულ შედეგ(ებ)ზე;

6.1.18  მომხმარებელი აცნობიერებს, რომ პროვაიდერის მიერ განსაზღვრული უსაფრთხოების ღონისძიებების მომხმარებლის მხრიდან დაუცველობის/გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, პროვაიდერი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან აღნიშნულით გამოწვეულ შედეგ(ებ)ზე.

6.2. მომხმარებელი უფლებამოსილია:

6.2.1.   მიიღოს ამონაწერი საფულეში არსებული ნაშთისა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ;

6.2.2.  მისცეს პროვაიდერს იმ სახის დავალებები საფულეში ოპერაციების საწარმოებლად, რომელიც შეთავაზებულია პროვაიდერის მიერ და არ არის კანონმდებლობით აკრძალული;

6.2.3.  ისარგებლოს პროვაიდერის მიერ შეთავაზებული მომსახურებით/პროდუქტით;

6.2.4. ნებისმიერ დროს, შესაბამისი განაცხადით/შეთანხმებით მოსთხოვოს პროვაიდერს ცალკეული პროდუქტის/მომსახურების შეწყვეტა, მათ შორის, საფულის დახურვა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს კონკრეტული პროდუქტიდან/მომსახურებიდან გამომდინარე არ გააჩნია რაიმე სახის შეუსრულებელი ვალდებულება (ფინანსური თუ ნებისმიერი სხვა სახის) პროვაიდერის წინაშე და ასევე, ბალანსზე არ გააჩნია არანაირი აქტივი;

6.2.5.  მომხმარებელი უფლებამოსილია, მოსთხოვოს პროვაიდერს არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება. თუ დადასტურდება, რომ ამ სახის ოპერაცია განხორციელებულია პროვაიდერის ბრალით, პროვაიდერი იღებს ვალდებულებას დაუბრუნოს მომხმარებელს არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შედეგად დაკარგული აქტივი.

6.3 პროვაიდერი უფლებამოსილია:

6.3.1. მომხმარებლის დავალებით შეასრულოს საფულის მომსახურების ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული ოპერაციები;

6.3.2. საფულის გახსნისთვის მომხმარებელს მოსთხოვოს აღნიშნული პროდუქტით სარგებლობისთვის საჭირო ან/და დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენა.

6.3.3. მომხმარებლის ვერიფიკაციის მიზნით, მოიპოვოს მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და დოკუმენტები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან ახ სხვა სანდო დამოუკიდებელი წყაროებიდან;

6.3.4. საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს მომხმარებელს ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი, მათ შორის, მომხმარებლის განხორციელებული ან/და განსახორციელებელი ოპერაცი(ებ)ის შესახებ;

6.3.5.  შეინახოს მომხმარებლის  მიმოწერა (როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული, სატელეფონო ჩანაწერები და სხვა ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებებით მიღებული ინფორმაცია)  პროვაიდერთან. ამასთან, მომხმარებელი ადასტურებს, რომ წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული მონაცემები (ინფორმაცია) შესაძლოა პროვაიდერის მიერ გამოყენებულ იქნეს მტკიცებულების სახით, იგი წარმოადგენს პროვაიდერის საკუთრებას და აქვს იურიდიული ძალა;

6.3.6. ცალმხრივად შეცვალოს მომსახურების საკომისიოს და სხვა გადასახდელების ოდენობები და ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ განათავსოს ვებგვერდზე. შეცვლილი საფასურები ძალაშია ვებგვერდზე განთავსების დღიდან.

6.4. პროვაიდერი ვალდებულია:

6.4.1. საფულის მეშვეობით მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია მისი ანგარიშების შესახებ;

6.4.2.  დროულად და მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ზუსტი დაცვით აწარმოოს ოპერაციები და მათი წარმოებისას დაიცვას მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნები;

6.4.3. პროვაიდერი ვალდებულია განახორციელოს მომხმარებლის იდენტიფიცირება და ვერიფიცირება, საფულიდან განხორციელებული ტრანზაქციების მონიტორინგი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მის საფუძველზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული  სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესაბამისად;

6.4.4. მიიღოს ყველა ზომა, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, საფულის დაცულობისა და არამართლზომიერი გამოყენების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად;

6.4.5. არ გახადოს საფულის პერსონიფიცირებული მახასიათებლები და საშუალებები ხელმისაწვდომი სხვა პირებისთვის, გარდა მფლობელისა;

6.4.6.  მომხმარებელს გააცნოს და მოსთხოვოს საფულის უსაფრთხოების წესების სრულყოფილად დაცვა;

6.4.7. მომხმარებლის მიერ საფულეზე განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქცია დაუყოვნებლივ ასახოს საფულის ამონაწერში.

6.4.8.  მომხმარებელს მოთხოვნისთანავე მიაწოდოს ამონაწერი საფულეზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ; ამონაწერი უნდა შეიცავდეს: საფულის იდენტიფიკატორს, ვირტუალურ აქტივ(ებ)ის მიხედვით: არსებულ ნაშთს, შესრულებული ოპერაციების მოცულობას, ოპერაციების შესრულების თარიღსა და დროს.

6.4.10.  მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია მომსახურებისთვის დადგენილი საკომისიოსა და არსებული ლიმიტების შესახებ;

6.4.11 მომხმარებლის მიერ ვებგვერდის საშუალებით პროვაიდერთან გაგზავნილ შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინოს დაუყოვნებლივ.

6.4.12.  დაიცვას წინამდებარე პირობები;

6.4.13. პროვაიდერის საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი, რომლის ვებგვერდის მისამართია: www.nbg.gov.ge.

7. მხარეთა პასუხისმგებლობა

7.1. წინამდებარე პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
7.2. მომხმარებელს ეკრძალება მომსახურების გამოყენება კანონთან შეუსაბამო მიზნით;

7.3. წინამდებარე პირობების მიხედვით, ოპერაციებიდან გამომდინარე მხარეთა ასანაზღაურებელ თანხებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება არ ზღუდავს პროვაიდერსა და მომხმარებელს შორის დადებული სხვა ხელშეკრულებიდან ან/და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე სხვა ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

7.4. პროვაიდერი არ არის პასუხისმგებელი:

7.4.1 შედეგებზე (მათ შორის, მომხმარებლის მიერ ნებისმიერი პირის წინაშე ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარ შედეგებზე), თუ ეს გამოწვეულია:

7.4.1.1. მომხმარებლის დავალებით ოპერაციის განხორციელებით;

7.4.1.2. მომხმარებლის მიერ პროვაიდერისთვის მიწოდებული ინფორმაციის (მათ შორის, დავალებაში ან პროვაიდერთან წარდგენილ სხვა ნებისმიერ საბუთში მითითებული ინფორმაციის) უზუსტობით ან/და უსწორობით;
7.4.1.3. მომხმარებლისთვის ამ ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებების მომხმარებლის მიერ გამოუყენებლობით;
7.4.1.4. მომხმარებლის ან სხვა ნებისმიერი პირის კუთვნილი კომპიუტერის, ტელეფონის აპარატის ან/და სხვა მოწყობილობების და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობით, ინტერნეტ-პროვაიდერის, ტელეკომუნიკაციების ოპერატორის ან/და ნებისმიერი სხვა პირის მიზეზით;
7.4.1.5. გადარიცხვის ოპერაციის ან/და გადასარიცხი აქტივის ან მისი ნაწილის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და სხვა მიზნით ბლოკირებით, დაკავებით/ჩამოჭრით;

7.4.1.6 დავალების შეუსრულებლობისთვის ან არასწორად შესრულებისთვის, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ დავალებაში მითითებული არასწორი ინფორმაციით;

7.4.2 მომხმარებლის მიერ მითითებული უნიკალური იდენტიფიკატორის არასწორად წარმოდგენის შემდეგ, გადახდის ოპერაციის შეუსრულებლისათვის.

7.4.3 თუ მომხმარებელი მიაწვდის პროვაიდერს უნიკალურ იდენტიფიკატორთან ერთად სხვა დამატებით ინფორმაციას, პროვაიდერი პასუხისმგებელია მხოლოდ იმ უნიკალური იდენტიფიკატორის საფუძველზე ოპერაციის შესრულებისთვის, რომელიც მიაწოდა გადამხდელმა.

7.4.4 წინამდებარე შეთანხმების 2.3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კოინმანიას არ წარმოეშობა დაკარგული ვალუტის ან ვირტუალური აქტივის, რომლის მხარდაჭერაც საფულეს არ აქვს, მომხმარებლისათვის დაბრუნების ან სხვაგვარად ანაზღაურების ვალდებულება.

7.5. მომხმარებლის პასუხისმგებლობა:

7.5.1. პროვაიდერის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების ზომებზე მომხმარებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში დამდგარი შედეგისათვის, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

7.5.2. მომხმარებელი სრულად აგებს პასუხს არაავტორიზებულ გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული იმ ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია მისი დანაშაულებრივი ქმედებით, ასევე მის მიერ ამ ხელშეკრულების 6.1.2 ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების განზრახ ან დაუდევრობით შეუსრულებლობით.

8. მხარეთა განცხადებები და გარანტიები

8.1.  მომხმარებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ:

8.1.1 იგი არ იმყოფება შეცდომის, მოტყუების, მის წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის ან მუქარის გავლენის ქვეშ;

8.1.2.  არ მონაწილეობდა და არ მონაწილეობს არც ერთ სასამართლო პროცესში (მოსარჩელის, მოპასუხის ან მესამე პირის სახით), რითაც საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ვალდებულებების შესრულებას;

8.1.3.  სრულად გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე პირობებს. ასევე, ინფორმირებულია შესაბამისი პროდუქტით/მომსახურებით სარგებლობის პირობების და ყველა შესაძლო ფინანსური ხარჯის შესახებ და თანახმაა, საქმიანი ურთიერთობა დაამყაროს კოინმანიასთან;

8.1.4.  უარს არ იტყვის ამ პირობების და მის საფუძველზე/ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე, ასევე არ გადასცემს თავის ვალდებულებებს მესამე პირს;

8.2. მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ პროვაიდერისათვის გაგზავნილ ნებისმიერ შეტყობინებას/დავალება, ნებისმიერ განაცხადს/მოთხოვნას საფულის გახსნის/დახურვის ან/და რეგისტრირებული მომსახურების/პროდუქტების გაუქმების ან/და მათში ცვლილებების შეტანის, პროვაიდერის მიერ შეთავაზებული პროდუქტის მიღების (დადასტურების), მომხმარებლის მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ და სხვა ნებისმიერ განაცხადს/მოთხოვნას) აქვს საფულის განკარგვაზე უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული (წერილობითი ფორმით შესრულებული და ხელმოწერილი) ქაღალდზე დაბეჭდილი საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა.

8.3. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ მისი ინფორმაციისა და ოპერაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე, საფულის საშუალებით პროვაიდერის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი პროდუქტის მისაღებად/დასადასტურებლად, პროვაიდერი უფლებამოსილია, შექმნას დამატებითი მექანიზმები/მოთხოვნები მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის/ვერიფიცირებისთვის.

8.4 წინამდებარე დოკუმენტზე ხელის მოწერით, მომხმარებელი პროვაიდერს აძლევს უფლებას მისი პერსონალური მონაცემები მოიძიოს, გადაამოწმოს, დაამუშაოს და შეინახოს, მომსახურების სრულყოფილად გაწევის მიზნით, რაც ასევე გულისხმობს მისი ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოძიებას აზარტული თამაშობების განმახორციელებელ პირებთან, ანგარიშების/ბალანსებისა და სასესხო ვალდებულებების მოძიებას ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში. ბალანსისა და ანგარიშების მოძიებას მობილურ ოპერატორებსა და კომუნალური გადასახადების მიმღებ პირებთან, ჯარიმებისა და გადასახადების მოძიებას შემოსავლების სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, საპენსიო სააგენტოსა და სხვა კერძო თუ  საჯარო ორგანიზაციებში. პროვაიდერის მიერ განმარტებულ იქნა, რომ აღნიშნული ინფორმაციის მოძიების ერთადერთი მიზანი მომხმარებლისთვის კომფორტული, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების პლატფორმის შეთავაზებაა ერთ სივრცეში. მომხმარებლისთვის ცნობილია, რომ მასზე  მოპოვებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია მკაცრადაა დაცული პროვაიდერის მიერ  და იგი იძლევა აბსოლუტური კონფიდენციალურობის გარანტიას კანონის მოქმედების ფარგლებში.

9.  კონფიდენციალური ინფორმაცია, საიდუმლოება, პერსონალური მონაცემები

9.1. მხარეთა მიერ ერთმანეთისათვის გადაცემული ნებისმიერი სახის (წერილობითი/ზეპირი/ელექტრონული ფორმის) ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და მათი გამჟღავნება ან/და მესამე პირებისათვის გადაცემა დაუშვებელია მხარეთა წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

9.2. კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის გასაჯაროება  სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ ჩაითვლება კონფიდენციალურად.

9.3. კონფიდენციალურობის მოთხოვნა დროში შეზღუდული არ არის.

9.4. მხარეთა მიერ კონფიდენციალურობის დარღვევის შემთხვევაში მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ექვემდებარება სრული ოდენობით ანაზღაურებას.

9.5. არავის არა აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას, გაავრცელოს ან პირადი მიზნისთვის გამოიყენოს მომხმარებლის აქტივების, აგრეთვე განხორციელებული ოპერაციების (მათ შორის, ოპერაციის განხორციელების მცდელობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია. ამგვარი ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოებსა და პირებს.

9.6. პროვაიდერი ვალდებულია, ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით უზრუნველყოს სათანადო უსაფრთხოების ზომების შემუშავება და გატარება.

10. ფორს-მაჟორული გარემოება

10.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებელია მხარისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

10.2. ფორს-მაჟორის ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომლებიც არ არსებობდნენ ხელშეკრულების გაფორმების დროს, რომელთა დადგომა და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ, მათ შორის, სტიქიური უბედურებები, საომარი მოქმედებები, ხელისუფლებისა და სასამართლო ორგანოების მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია საკანონმდებლო აქტების მიღებასთან (უკვე არსებული საკანონმდებლო აქტების ცვლილებასთან) რომელთა დადგომის გამო მხარე ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.

10.3. მხარე, რომელიც ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო ვერ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებს, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს აღნიშნულის შესახებ მაქსიმუმ 5 (ხუთი) სამუშაო დღეში, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე კარგავს უფლებას დაეყრდნოს ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან მიმართებაში. აღნიშნული წესი არ მოქმედებს, თუ ფორს-მაჟორული გარემოება წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს.

11. გასაჩივრების წესი, დავები

11.1. მომხმარებელს უფლება აქვს გაასაჩივროს საფულის ოპერაციები და სხვა უზუსტობები (სასურველია საჩივრის წარდგენა მოხდეს ასეთი შემთხვევის წარმოშობიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში). საჩივრის მიღება შესაძლებელია წერილობით და ზეპირი ფორმით. მომხმარებლის მიერ ზეპირი ფორმით საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, პროვაიდერი ვალდებულია შესთავაზოს წერილობითი ფორმით მისი წარდგენის ან მომხმარებლის თანხმობით განახორციელოს აუდიოჩაწერა. წერილობითი ფორმით საჩივრის მიღების რამდენიმე გზა არსებობს: საჩივრის წარდგენა პროვაიდერის ელ.ფოსტაზე sales@coinmania.ge  გამოგზავნით ან  ვებგვერდზე საჩივრის ფორმის შევსებით. ამასთან, მომხმარებლის მიერ რაიმე ოპერაციის გასაჩივრება არ ნიშნავს პროვაიდერის უპირობო ვალდებულებას აუნაზღაუროს მომხმარებელს აღნიშნული ოპერაციების შედეგად მიყენებული ზარალი. მომხმარებლის მიერ ოპერაციების გასაჩივრების თითოეული შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

11.2. მომხმარებლის მიერ პროვაიდერისთვის წარდგენილი საჩივარი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

11.2.1. მომხმარებლის სახელი, გვარი ან საფულის ნომერი;

11.2.2. ვირტუალური აქტივის ოდენობა ოპერაციის შესრულების თარიღი და დრო;

11.2.3. სადავო საკითხის ზუსტი აღწერა;

11.3. პროვაიდერი ვალდებულია, მომხმარებლის საჩივარი განიხილოს საჩივრის წარდგენიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში.

11.4. თუ პროვაიდერის მიერ, ობიექტური მიზეზების გამო, 11.3. პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება საჩივრის  განხილვა და მასზე გადაწყვეტილების მიღება, პროვაიდერი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს დაგვიანების დასაბუთებული მიზეზისა და გადაწყვეტილების მიღების ვადის მითითებით.

11.5. საჩივარზე გადაწყვეტილების მიღებისა და მომხმარებლისთვის გაცნობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საჩივრის მიღებიდან 35 (ოცდათხუთმეტ) სამუშაო დღეს.

11.6. პროვაიდერი ვალდებულია, სადავო საკითხის განხილვის პროცესში შეძლებისდაგვარად დაუკავშირდეს მომსახურების ოპერაციაში ჩართულ სხვა მხარეს, განხორციელებული ოპერაციის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით.

11.7. მომხმარებელი ვალდებულია, პროვაიდერის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, გადაიხადოს სადავო საკითხის გამოძიებასთან დაკავშირებით დაწესებული დამატებითი მომსახურების საფასური (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

11.8. პროვაიდერი ვალდებულია, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აცნობოს დაუყოვნებლივ მომხმარებლის მიერ საჩივრის შევსების დროს არჩეული ფორმით.

11.9. მომხმარებელი  უფლებამოსილია, საჩივრით მიმართვის შემთხვევაში პროვაიდერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში) გაასაჩივროს პროვაიდერისათვის საჩივრით მიმართვის მიღების დღიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის დავების განმხილველ კომისიაში. კომისია დავას განიხილავს უსასყიდლოდ. მომხმარებელი უფლებამოსილია საჩივრით მიმართვის შესაძლებლობა გამოიყენოს მაშინაც, როცა საჩივარზე დადგენილ ვადებში პასუხი არ მიუღია.

11.10. მხარეთა შორის ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში, მხარეები შეეცდებიან საკითხი გადაწყვიტონ მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავის გადასაწყვეტად მხარეები მიმართავენ 11.1. პუნქტში მითითებულ შესაძლებლობას ან/და საქართველოს სასამართლოს.

11.11. მხარეთა შორის დავა განიხილება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.

11.12. პროვაიდერი უფლებამოსილია, წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან/და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი სახის ხელშეკრულებიდან/შეთანხმებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიაქციოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

12. მომსახურების შეწყვეტის პირობები

12.1. წინამდებარე პირობები ძალაში შედის საქმიანი ურთიერთობის დამყარების დღიდან.

12.2. თუ წინამდებარე პირობებით ან წერილობითი შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული,  პროვაიდერი უფლებამოსილია შეწყვიტოს/შეაჩეროს წინამდებარე ხელშეკრულება ან/და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება ან/და დახუროს პროვაიდერთან გახსნილი მომხმარებლის საფულე, იმ შემთხვევაში, თუ:

12.2.1. მომხმარებლის შესახებ, პროვაიდერის ხელთ არსებული ან/და მომხმარებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტური ან/და ელექტრონული სახით წარდგენილი) აღმოჩნდება მცდარი;

12.2.2. არ შესრულდა რომელიმე წინაპირობა, პირობა, დამატებითი პირობა ან/და პროვაიდერის მიერ მომხმარებლისთვის წაყენებული ნებისმიერი მოთხოვნა ან/და დაირღვევა წინამდებარე პირობები ან/და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობები და ვალდებულებები;

12.2.3. მომხმარებელმა დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული ნებისმიერი პირობა ან/და პროვაიდერს გაუჩნდა ეჭვი, რომ მომხმარებელი ვერ/არ შეასრულებს მასზე დაკისრებულ რომელიმე ვალდებულებას.

12.2.4.  საფულის  დახურვა განსაზღვრულია პროვაიდერის შიდა პოლიტიკის, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან კანონმდებლობით დადგენილი წესით;

12.2.5.  მხარეთა შეთანხმებით;

12.3. ამ პირობებიდან წარმოშობილი მხარეთა ფინანსური ვალდებულებები, ასევე ამ პირობების დარღვევის გამო მხარეთა პასუხისმგებლობის განსაზღვრული ვალდებულებები ძალაშია მათი სრულად შესრულების მომენტამდე, მომსახურების შეწყვეტის მიუხედავად.

13. დასკვნითი დებულებები

13.1.   მხარეები ვალდებულნი არიან, ნებისმიერი საკონტაქტო/საკომუნიკაციო მონაცემის ცვლილების შემთხვევაში 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში აცნობონ მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ურთიერთობა (შეტყობინების გაგზავნა) ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად.

13.2.  თუ ამ პირობების რომელიმე პუნქტი მიჩნეულ იქნა ბათილად, ეს გავლენას ვერ მოახდენს დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე. ბათილი დებულების ნაცვლად გამოიყენება ის დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა საქმიანი ურთიერთობით გათვალისწინებული მიზანი, იმგვარად რომ სრულად უზრუნველყოფილი იქნეს პროვაიდერის შიდა პოლიტიკით და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

13.3. მხარეებს შორის წინამდებარე პირობების ფარგლებში მიღწეული ნებისმიერი სახის შეთანხმება წარმოადგენს ამ პირობების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად.

14. თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ

წინამდებარე დოკუმენტზე ხელმოწერით, ვადასტურებ რომ შპს „კოინმანია“ უფლებამოსილია დაამუშავოს ქვემოთ ჩამოთვლილი ჩემი პერსონალური მონაცემები:

14.1    ხელშეკრულებით/მომსახურების პირობებით განსაზღვრული პროდუქტის ან/და ნებისმიერი სხვა შესაბამისი სახის მომსახურების შეთავაზების/გაწევის მიზნით, შეაგროვოს/დაამუშაოს, შეინახოს, დააარქივოს ჩემს შესახებ პერსონალური ინფორმაცია, (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები), ასევე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში დაცული ინფორმაცია გადამხდელუნარიანების ანალიზის მიზნისათვის.

14.2    ჩემი გადამხდელუნარიანების ანალიზის ან/და ჩემთვის განაცხადის საფუძველზე გათვალისწინებული მომსახურების, შეთავაზების, პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით, ჩემი პერსონალური მონაცემები (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები);

14.3    გამოითხოვოს ჩემს შესახებ ნებისმიერ მესამე პირთან დაცული პერსონალური მონაცემები, ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის.

14.4  ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია - სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული მონაცემები, როგორიცაა ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, პერსონალური ინფორმაცია ოჯახის წევრების (მეუღლის, მშობლების, მათ შორის შვილების შესახებ), საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია.

14.5     მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ან/და მისი განახლების მიზნით;

14.6     კვლევების, გამოკითხვების ჩატარების, მათ შორის, სტატისტიკური კვლევების ჩატარების და ანალიტიკური მიზნებისთვის;

14.7     ჩემს მიერ დასმული კითხვების დამუშავებისა და მასზე პასუხის გაცემის, გამოხმაურების მიზნით.

14.8 თქვენზე მოპოვებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია მკაცრად იქნება დაცული კომპანიის მიერ  და ვიძლევით აბსოლუტური კონფიდენციალურობის გარანტიას კანონის მოქმედების ფარგლებში, მესამე მხარისათვის თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება მოხდება მხოლოდ მომსახურების მიზნებიდან გამომდინარე და კანონით განსაზღვრული შემთხვევების შესაბამისად.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვათ უარი შპს „კოინმანიას“ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, წერილობითი შეტყობინების შემდეგ ელ-ფოსტაზე: support@coinmania.ge   გაგზავნის გზით, რა შემთხვევაშიც კომპანია დაუყოვნებლივ შეწყვეტს თქვენი იმ პერსონალური მონაცემების დამუშავებას, რომლის დამუშავებაზეც თქვენ განაცხადეთ უარი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უარის განცხადების შემთხვევაში თქვენ შესაძლოა ვეღარ ისარგებლოთ მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული სერვისებით.