AML პოლიტიკა

1. ჩვენი მისიაა: ხელი შევუწყოთ ვირტუალური აქტივის საყოველთაო გავრცელებას.

ამასთან, შპს „კოინმანია“ აღიარებს, რომ თაღლითობა, ფულის გათეთრება, ტერორიზმის დაფინანსება და სხვა ფინანსური დანაშაულები ზიანის მომტანია, არამხოლოდ კონკრეტული მომხმარებლებისთვის, არამედ ისეთი სოციალურ/საჯარო ინტერესებისთვის, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგი, მოქალაქეთა პირადი და ფინანსური უსაფრთხოება. ამ სახის დანაშაულებთან გამკლავება საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო ორგანოების, დარგში მოქმედი სუბიექტებისა და ცალკეული მოქალაქეების ერთობლივი, ორგანიზებული და ურთიერთკოორდინირებული ბრძოლის გარეშე არაეფექტურია.

როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი არის მათი ადრეულ ეტაპზე პრევენცია. ბოლო წლებში ეს მიდგომა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკა და სტანდარტია.

შპს „კოინმანია“, როგორც კომპანია, რომელიც თავის მისიას ვირტუალური აქტივის გავრცელების ხელშეწყობაში ხედავს, სრულად აცნობიერებს ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა მსგავსი დანაშაულებით გამოწვეულ საფრთხეებს. ასევე, ნათლად აქვს გაცნობიერებული, რომ  ვირტუალური აქტივის ფართოდ გავრცელება პირდაპირ უკავშირდება დარგში ისეთი ღონისძიებების, გნებავთ – „ოქროს შუალედის“ არსებობასთან, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ვირტუალური აქტივის სანდოობასა და მომხმარებელთა მიერ მის უსაფრთხოდ გამოყენებას, ხოლო, მეორე მხრივ, არ შექმნის ხელოვნურ დაბრკოლებებს ვირტუალური აქტივის ხელმისაწვდომობასა და თავისუფალ მოხმარებაში.

აქედან გამომდინარე, შპს „კოინმანია“ მოწოდებულია ისე დაგეგმოს და წარმართოს საკუთარი მომსახურება, რომ შეესაბამებოდეს, ერთი მხრივ, ფულის გათეთრებისა, ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო, მეორე მხრივ, შეძლებისდაგვარად გამორიცხავდეს კლიენტებისთვის ხელოვნური შეფერხებების შექმნას მომსახურების მიღების კუთხით. აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების, თაღლითობისა თუ სხვა მსგავსი ხასიათის დანაშაულების ჩასადენად შპს „კოინმანიის“ პროდუქტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების თავიდან აცილება.

სწორედ აღნიშნული მიდგომების გათვალისწინებით, კომპანიაში ჩამოყალიბებულია ისეთი მმართველობითი სქემა, საოპერაციო სტრუქტურა, თანამშრომელთა გუნდი და  პროცედურები, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთას. ამ კუთხით კომპანიის, ძალისხმევა მიმართულია, როგორც, მუდმივად ცვალებად ფინანსური გარემოში, AML შესაბამისობის პოლიტიკის წინაშე წამოჭრილი ახალ-ახალი გამოწვევების პრევენციისკენ, ასევე, ასეთი პრევენციისთვის აუცილებელი შესაბამისი ტექნოლოგიებისა, პროგრამული უზრუნველყოფისა და პროცედურების შემუშავება-დანერგვა და განვითარებისკენ.

კომპანიას ჰყავს შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირებით დაკომპლექტებული AML/CFT შესაბამისობის გუნდი. კომპანიის თანამშრომლები პერიოდულად გადიან ტრენინგებს უახლოესი საუკეთესო პრაქტიკების, ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის  მეთოდების გაცნობისა და მათი პრაქტიკაში გამოყენების მიზნით. მოცემული გუნდის გადაწყვეტილებები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საკითხებში არის საბოლოო და გადამწყვეტი კლიენტის ნებისმიერ ტრანზაქციასთან დაკავშირებით.

კომპანიას დანერგილი აქვს შიდა პროცედურები ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსების ხელშეწყობის აღკვეთის მიზნით. მოცემული ღონისძიებები მათ შორის მოიცავს:

2. ფიზიკური პირების იდენტიფიკაციას

შპს „კოინმანიას“ მომსახურების მიღების აუცილებელ წინაპირობას მის ვებგვერდზე რეგისტრაცია წარმოადგენს. რეგისტრაციის პირველ ნაბიჯს დაინტერესებული პირის იდენტობის ზუსტი დადგენა წარმოადგენს. შპს „კოინმანია“ ფიზიკური პირების იდენტობის განსაზღვრისთვის ეყრდნობა შემდეგ მონაცემებს:

  • სახელი და გვარი
  • დაბადების თარიღი
  • პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი, გამცემი ქვეყანა, გამცემი ორგანო და მოქმედების ვადა
  • სქესი
  • მოქალაქეობა
  • დაბადების ადგილი – ქვეყანა (აგრეთვე, ქალაქი – ასეთი მონაცემის არსებობის შემთხვევაში)
  • რეგისტრაციის მისამართი
  • ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

3. იურიდიული პირების იდენტიფიკაციას

იურიდიული პირების რეგისტრაციის შემთხვევაში აუცილებელია, წარმოდგენილი იქნეს როგორც თავად იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემები, ისე მის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, ასევე დამფუძნებლების (ბენეფიციარი მესაკუთრე(ებ)ის ჩათვლით) საიდენტიფიკაციო მონაცემები. კლიენტი იურიდიული პირების იდენტიფიკაციის მიზნით შპს „კოინმანიაში“ წარადგენენ შემდეგ ბაზისურ მონაცემებს:

  • სახელწოდება
  • რეგისტრაციის თარიღი
  • იურიდიული მისამართი
  • საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • რეგისტრაციის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • სამართლებრივი ფორმა
  • ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მისამართი.

როგორც აღვნიშნეთ, კლიენტი იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ფარგლებში ასევე საჭიროა, დადგენილი იქნეს მათი ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ი, ასევე დამფუძნებლები (ბენეფიციარი მესაკუთრე(ებ)ის ჩათვლით). მოცემული პირების იდენტიფიცირება ხორციელდება შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემების საფუძველზე:

  • სახელი და გვარი
  • დაბადების თარიღი
  • პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი, გამცემი ქვეყანა, გამცემი ორგანო და მოქმედების ვადა
  • სქესი
  • მოქალაქეობა
  • დაბადების ადგილი – ქვეყანა (აგრეთვე, ქალაქი – ასეთი მონაცემის არსებობის შემთხვევაში)
  • რეგისტრაციის მისამართი
  • ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

ამასთან, თუ კლიენტი იურიდიული პირის ფილიალია, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი კლიენტის სათავო საწარმოს (ორგანიზაციის) და მისი ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის ზემოთჩამოთვლილი საიდენტიფიკაციო მონაცემები.

4. მაღალი და დაბალი რისკფაქტორები

ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფი (FATF) წარმოადგენს დამოუკიდებელ მთავრობათაშორის უწყებას, რომლის მიზანი ფულის გათეთრების, ტერორიზმთან ბრძოლისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების წინააღმდეგ პოლიტიკის ხელშეწყობაა. სწორედ ამ მიზნით, მის მიერ გამოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტად არის აღიარებული. ეს სტანდარტი კონკრეტულ მოთხოვნებს უწესებს სასამართლო, ფინანსური დაზვერვის უწყებებსა თუ სამართალდამცავ ორგანოებს, კერძო სექტორსა და მათ ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ ორგანოებს.

FATF-ის რეკომენდაციები ეფუძნება მაღალ და დაბალ რისკფაქტორებს. კლიენტის იდენტიფიცირების შემთხვევების განხილვისას, FATF-ის რეკომენდაციით, მაღალი რისკფაქტორების გამოვლენისთვის ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც უჩვეულოა ბიზნესურთიერთობების მხარეებს შორის, ასევე, როდესაც ბიზნესის სტრუქტურა ან თავად კომპანია არის ზედმეტად რთული და უჩვეულო.

5. პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენა

საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის შესაბამისად, პოლიტიკურად აქტიურ პირს მიეკუთვნება პირი, რომელსაც უკავია საჯარო/სახელმწიფო თანამდებობა ან ეწევა მნიშვნელოვან პოლიტიკურ, საზოგადოებრივ ან/და სახელმწიფოებრივ საქმიანობას. კომპანიის მიერ პოლიტიკურად აქტიურ პირებთან კლიენტის იდენტიფიცირების გაძლიერებული ზომების გამოყენება უკავშირდება მათ გავლენას, რამაც შესაძლოა, ხელი შეუწყოს როგორც ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებას, ისე– კორუფციას. როდესაც კომპანიას ურთიერთობა აქვს პოლიტიკურად აქტიურ პირებთან, მათი ოჯახის წევრებთან ან ახლობლებთან, მაშინ ასეთი ბიზნესურთიერთობის დაწყებისთვის კომპანია იღებს გონივრული ზომებს, რომ დაადგინოს ქონებისა და ფონდების წყარო, დააწესოს გაძლიერებული მუდმივი მონიტორინგი ბიზნესურთიერთობაზე.

6. მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან, ორგანიზაციებიდან კლიენტების გამოვლენა

საქართველოს კანონმდებლობისა და შპს „კოინმანიას“ შიდა პოლიტიკის მიხედვით, კომპანია წყვეტს ან უარს აცხადებს საქმიანი ურთიერთობის წარმართვაზე ისეთ კლიენტთან, რომლის იდენტიფიკაციაც ვერ ხერხდება ან შეყვანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში.

გარდა ამისა, კომპანია ერთმნიშვნელოვნად არ ემსახურება მაღალი რისკის იურისდიქციის ქვეყნების მოქალაქეებს/იურიდიულ პირებს, ხოლო სანქცირებული ქვეყნებიდან, ასევე არ ემსახურება რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეებს/იურიდიულ პირებს.

სანქცირებული სხვა ქვეყნების მოქალაქეებსა და იურიდიული პირებთან ურთიერთობის დაწყების გადაწყვეტილებას კომპანია იღებს ყველა იმ გარემოებისა და ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე, რაც აძლევს მას რწმუნებას, რომ საქმიანი ურთიერთობები  არ იქნება გამოყენებული ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის. ამასთან, საქმიანი ურთიერთობისას კომპანია იღებს გონივრული ზომებს, რათა დაადგინოს ქონებისა და ფონდების წყარო, დააწესოს გაძლიერებული, მუდმივი მონიტორინგი ბიზნესურთიერთობაზე.

7. „იცნობდე შენს კლიენტს“ (KYC)

შპს „კოინმანია“ ინფორმაციას საკუთარი მომხმარებლების შესახებ იღებს მათთვის კითხვარის შევსების (KYC) მოთხოვნის გზით. მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს KYC კითხვარი. მომხმარებლის მიერ კითხვარის სრულყოფილად და ჯეროვნად შევსებამდე, იგი მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს შპს „კოინმანიის“ სრულყოფილი მომსახურებით.